უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგი დაპირისპირების ფონზე აქტიურდება თებერვალში მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი. საუბარია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტი გაჩნდება. თავის დროზე ეს ცვლილება სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა და კიდევ ერთი თანამდებობის შემოღება მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესით ახსნა. ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი კანდიდატურის შერჩევამდე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით სწორედ პირველი ვიცეპრეზიდენტი შეასრულებს, რომელსაც საბჭოს მოქმედი წევრებიდან აირჩევენ. კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება სამი თვის წინ ამოეწურა და მას შემდეგ თანამდებობა ვაკანტურია.

ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების გარშემო სალომე ზურაბიშვილთან უთანხმოების ფონზე, „ქართული ოცნება“ დამატებითი თანამდებობის შემოღებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისთვის სასურველი კანდიდატურის შერჩევას ცდილობს.