რა სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის „ტრამპ თაუერ თბილისის“ მშენებლობა – დაგეგმილ მშენებლობაზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის პირველ რიგში პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოში წარმატებული პროექტები მათ ოპონენტებში ისტერიას იწვევს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს. პროექტის, „ტრამპ თაუერ თბილისის“ შესახებ ოფიციალური განცხადება Trump organization-მ გაავრცელა, რომლის ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული „ტრამპ თაუერ თბილისი“ დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.