ტერორიზმი - გამოწვევები ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დღეს თითქმის ყველა სახელმწიფოსთვის  ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ტერორიზმია. თავის მხრივ, ტერორისტული აქტი შეიძლება მრავალგვარი  იყოს და ბევრი ექსპერტი მას თანამედროვე ომის ფორმადაც მიიჩნევს. განვითარებული ტექნოლოგიების ფონზე, რომელმაც ფაქტობრივად წაშალა კომუნიკაციის პრობლემა,  ეს საფრთხე უფრო მეტად ხელშესახები გახდა და სამწუხაროდ, მისი საზღვრები მხოლოდ საომარ მოქმედებათა თეატრით არ შემოიფარგლება.

საქართველოსთვის ტერორისტული აქტები, სამწუხაროდ, უცხო არ არის. ოთხმოცდაათიანებში და მომდევნო წლებშიც, ტერაქტები თუ ტერაქტების მცდელობა, პირდაპირ ან ირიბად, უკავშირდებოდა რუსეთს. იყო ტერაქტების მთელი სერია სხვადასხვა სამიზნეებით,  როგორც ქვეყნის მეთაურზე, ასევე სტრატეგიულ ობიექტებზე და არა მხოლოდ.

საქართველოსთვის დღეს ტერორიზმის საფრთხის კუთხით რამდენიმე მიმართულებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პირველი – ეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, რომელთაც კრემლი საკუთარი ოპერაციების დაგეგმარებისთვის იყენებს. მეორე და არა უკანასკნელი საფრთხე – ახლო აღმოსავლეთში „დაეშს“, „ალ-ქაიდას“ და მათთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს უკავშირდება.

რა არის ტერორიზმი და რა არის ტერორი? – ამ კითხვებზე პასუხი ბევრნაირია, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ტერორიზმის მიზნები პოლიტიკურია და დროის განმავლობაში, გარემოს შესაბამისად, მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის.  იცვლება ძალადობრივი ინსტრუმენტების ფორმები და  ტერორი, როგორც აღვნიშნეთ,  ომის ფორმად ყალიბდება, ხოლო ომი, როგორც კლაუზევიცმა თქვა – პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით.

ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად  რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება რჩება. რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება, თუმცა კრემლი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებით არ შემოიფარგლება და საკითხში ჩახედული სპეციალისტების აზრით, ყველაზე ცუდი სცენარი – საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ მის მიერ კონტროლირებული ტერორისტული დაჯგუფებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობაა.

ისეთი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, მის ტერიტორიაზე  განხორციელებული ტერორისტული აქტების მოწყობისა თუ მოწყობის მცდელობის ისტორია არც თუ ისე მოკლეა:1995 წლის 29 აგვისტოს, როდესაც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციის მიღება უნდა აღენიშნა, თბილისის ცენტრში, „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. 1998 წლის 9 თებერვალს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა ქვეყნის მეთაურზე. 2005 წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტისას იყო ტერაქტის მცდელობაც.  ტერორისტული აქტის შედეგად  2005 წლის 1 თებერვალს, ქალაქ გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან დაიღუპა  სამი პოლიციელი და 27 დაშავდა. მაშინ  საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ რუსეთი და რუსი ოფიცრები პირდაპირ დაადანაშაულა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ტერორიზმის საფრთხე უკავშირდება ახლო აღმოსავლეთსაც. „დაეში“, რომელთა რიგებში საქართველოდან წასული მოქალაქეებიც ირიცხებოდნენ და რომელიც სირიასა და ერაყის ტერიტორიებზე დამარცხდა, განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 34 პანკისელი ემსხვერპლა. ბოლო მსხვერპლი 2019 წლის მარტში 25 წლის ამირან ბორჩაშვილი იყო. თუმცა პანკისი არ არის საქართველოს ერთადერთი კუთხე, საიდანაც სირიაში, ან სხვა ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებაში ხვდებოდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ  კვლავ აქტიურია „ალ-ქაიდა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებებიც.

უსაფრთხოების სამსახურმა წელს  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, რომელშიც ასახულია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები. თუმცა სტრატეგიულ დონეზე, სახელმწიფოს დღემდე პრობლემები აქვს და ერთი უწყების ხედვა, პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის.

ტერორიზმის საფრთხე მხოლოდ ამ გამოწვევებით არ შემოიფარგლება. არსებობს კიდევ რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ექსტრემისტული იდეების მხარდაჭერა და გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ სიმძაფრეს იძენს და ყველაზე ადვილი მისი გაღვივება  მძიმე სოციალური ფონის მქონე მოსახლეობაშია.

 

თავად ტერორიზმი, როგორც მოვლენა, ახალი არ არის და ის სხვადასხვა ფორმით ყველა ეპოქაში არსებობდა. ტერორიზმის მიზანი სუბიექტისთვის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედების იძულებაა. სიტყვა ლათინურიდან თარგმანში შიშს ნიშნავს. ტერორიზმის ფორმებისგან განსხვავებით, მნიშვნელობა და დატვირთვა სიტყვას, სამწუხაროდ, არ შეუცვლია.

 

 

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი