თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმი

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის ფარგლებში – სასტუმრო „პარაგრაფში“ დილიდან სხვადასხვა თემაზე პანელური სესიები გაიმართა. სესიებზე განხილული საკითხები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა მშვიდობის როლი მდგრადი მომავლის ფორმირებაში, დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, დემოგრაფია, მიგრაცია, პოლიტიკური სუვერენიტეტის საკითხი და სხვა. აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის, რომელიც ქმნის ქალაქების თანამშრომლობისა და განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას. ფორუმი ოცი ქვეყნის ათასამდე სტუმარს, დიპლომატებსა და ექსპერტებს აერთიანებს.