საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელებს, ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის და მონაწილეობისთვის მადლობას გიხდით. მასპინძლობა ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სტუმარს საქართველოში მხოლოდ საუკეთესოს ვთავაზობთ და იმედი მაქვს, საქართველოში სტუმრობისას ამაში დარწმუნდით. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ვიმედოვნებ, უკვე ფიქრობთ საქართველოში შემდეგ ვიზიტზე. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სტუმრებს.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეების პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.