„ტანაპის“ ინაუგურაცია თურქეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში „ტანაპის“ ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. სამი ქვეყნის ლიდერებმა სიმბოლურად ღილაკზე ხელის დაჭერით, ოფიციალურად ჩაუყარეს საფუძველი  მილსადენში ბუნებრივი აირის პირველი ნაკადის გაშვებას.

ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი „ტანაპი“ მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.

საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ევროპისთვის განკუთვნილმა ბუნებრივმა აირმა სწორედ საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა გაიაროს. შესაბამისად, შესაძლებლობა გვეძლევა, მალე კიდევ უფრო მეტი იაფი გაზი მივიღოთ.  პროექტის ღირებულება ათ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. „ტანაპის“ მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდი კუბური მეტრით.