„სტანდარტ ენდ ფურსის“ რეიტინგები

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „სტანდარტ ენდ ფურსი“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. რამდენიმე წუთის წინ ფინანსთა სამინისტროში თემაზე ბრიფინგიც გაიმართა. განცხადება უწყების ხელმძღვანელმა ივანე მაჭავარიანმა და მისმა მოადგილემ გააკეთეს.

სარეიტინგო კომპანიამ მიმოხილვა გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. პოზიტიური შეფასება აქვს კომპანიას სამომავლოდაც, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იქნება ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

დოკუმენტში ვკითხულობთ ასევე საქართველოდან ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირში, სადაც პროდუქციის მიწოდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ 30 პროცენტით გაიზარდა. ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო რისკებს შორის კი თურქეთსა და რუსეთში სავალუტო კურსების მერყეობა სახელდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზეც მიუთითებს.

ასევე, საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც, მათ შორის საპროტესტო გამოსვლებზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის მოახლოებაც, შესაძლოა, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან იყოს დაკავშირებული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს უკავშირდება.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.