S&P Global-ის საკრედიტო რეიტინგი
2026 წლის 6 თებერვალს საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, BB დონეზე, სტაბილური პერსპექტივით დატოვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა. „რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. კომპანია ელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.