შემსუბუქებული რეგულაციები და ვაქცინაციის პროცესი

მეზობელ თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. მიუ შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. საბედნიეროდ, საქართველოში მეოთხე ტალღის დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. თუმცა, სერვერზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო, ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა – 2 000-მდე ინფიცირებული, შესაძლოა სრულ სურათს არ ასახავდეს.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადების გავრცელების ტემპების შენელების ფონზე, სატრანსპორტო შეზღუდვა იხსნება. მომავალი კვირიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ახლა 7 %-ია. ამ მონაცემის 4 %-მდე ჩამოსვლაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში.