საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. ჯორჯ კენტთან და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება.
საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ამერიკული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობას. იმსჯელეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.