საქართველოს პრემიერი „ბრითიშ პეტროლიუმის“ რეგიონულ პრეზიდენტს საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო BP-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ BP ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. შეხვედრაზე განიხილეს BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას.
ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) როლი, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირი შაჰ-დენიზის საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს მიეწოდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას.