შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი – ეს საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას – 2024 წლისთვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში მსოფლიო ბანკის დახმარების მნიშვნელობას. პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის მეორე ტალღასთან.