შეხვედრა ინვესტორთა საბჭოსთან

პანდემია, გამოწვევები და მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმა იყო მთავარი თემები, რაზეც ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. პრემიერმა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტებად სამუშაო ადგილების დაცვა, ინვესტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა დაასახელა.

საბჭოს წევრებმა 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და გატარებული რეფორმები შეაჯამეს. ხაზი გაესვა კრიზისის შედეგად დაზარალებული ბიზნესისა და კონკრეტული სექტორების დახმარების მნიშვნელობას. იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ბიზნესის მხარდასაჭერად კრიზისულ პერიოდში. ისაუბრეს ეკონომიკის გახსნაზე, შეზღუდვების მოხსნის პროცესის დაწყებასა და პოსტპანდემიური ეკონომიკური გეგმის განხორციელებაზე, მსჯელობის საგანი იყო ვაქცინაციის გეგმაც. შეხვედრის მონაწილეებს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმაც მიმართა.