ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს – ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. ამასთან, ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მიღება, ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით, უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტია.
ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს, ევროკავშირის მხრიდან, აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის, 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.