სეზონური ვირუსების გაზრდილი მაჩვენებელი

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია – კითხვა ჩინეთის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გააქტიურდა. მიზეზი მეტაპნევმოვირუსის ხშირი შემთხვევებია. საუბარია ვირუსზე, რომელსაც არსებობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. საქართველოში კი ის პირველად 2001 წელს დააფიქსირეს. ქართველი ეპიდემიოლოგები „კოვიდ-19“-სგან განსხვავებით, მეტაპნევმოვირუსს საშუალო სიმძიმით მიმდინარე ვირუსად ახასიათებენ და განგაშის საფუძვლებს ვერ ხედავენ. ექიმები მისგან მძიმე დაავადებების ან ეპიდაფეთქების გამოწვევას გამორიცხავენ.

მეტაპნვმოვირუსისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგებს უფრო მეტად გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აღელვებთ. ქვეყანა გრიპის გავრცელების პიკს უახლოვდება – დეკემბრიდან ძირითადად A და B ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს. განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშაა H1 N1, იგივე „ღორის გრიპის“ შემთხვევები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, მძიმე გართულებებს იწვევს. პედიატრიული კლინიკები პრევენციულ ზომებს უკვე იღებენ.