სეზონური ვირუსები 

სეზონური ვირუსების რაოდენობა იმატებს. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებასა და დეკემბრის ბოლოს გავრცელების პიკს ელოდებიან. ექიმების განმარტებით, ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვის პნევმონია. ამ მხრივ რისკ-ჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვნები არიან, სიფრთხილე მართებთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებსაც.

ეპიდემიოლოგები A ტიპის ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპთან ერთად, „ჰონგ კონგის“ შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც გაცილებით სწრაფად გადამდებია, თუმცა კლინიკური მიმდინარეობით არ განსხვავდება. ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას ამშვიდებს და აცხადებს, რომ მომატებული ვირუსების მიუხედავად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და სისტემა პროცესებს მართავს.