საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 6 ოქტომბერს ტანკერმა „კაისერმა“ რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული „ციმბირული მსუბუქი“ კლასის ნავთობი – 105 340 ტონა – ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ: „პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს, გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არცერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში“.

განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახურიც: დადასტურებულია, რომ ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – წერია განცხადებაში.