საყოველთაო ჯანდაცვის ათი წელი

სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებისთვის უკვე ათი წელია, ჯანმრთელობის ძირითადი გარანტორია და ამისთვის 7 მილიარდამდე ლარია დახარჯული. სახელმწიფომ 3 მილიონ ადამიანს 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაუფინანსა.

პროგრამა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013 წელს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა, ყველა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და გეგმიური სერვისების ნაწილს მოიცავს. ათწლიანი სტატისტიკის მიხედვით, პროგრამით მოსარგებლეთა ხარჯები 40% ით შემცირდა. სერვისები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ეტაპზე. პროგრამა უკვე ფარავს სერვისების სრულ სპექტრს მწვავე დაავადებების მართვიდან – რეაბილიტაციამდე. ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის ლიმიტი 12 ათასიდან 25 ათას ლარამდე გაიზარდა და მოიხსნა თანაგადახდის პრინციპი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა იყო C ჰეპატიტის ელიმინაცია, მკურნალობის პროცესში 81 184 მოქალაქე ჩაერთო, მათგან 56 ათასზე მეტი უკვე განკურნებულია. თუმცა, არაერთი მიღწევის პარალელურად, ჯანდაცვის პროგრამასა და სერვისებში რჩება გამოწვევებიც, მთავარი პრობლემა ანაზღაურებადი სერვისების ჩამონათვალის ზრდა, ასევე პროგრამის ხარისხისა და კლინიკების მიერ გაწეული ხარჯების კონტროლია.