სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების პროტესტი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები, პროფკავშირებთან ერთად, საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებს აპროტესტებენ. აღნიშნულის საფუძველზე ხელშეკრულება 63 თანამშრომელს შეუწყდა. მათი თქმით, გამოცდებზე ჩაჭრა მიზანმიმართულად ხდება. სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტს გასულ თვეებში ხელფასების მატების მოთხოვნით გამართულ აქციებს უკავშირებენ.

სამართლებრივი დავის დაწყებას პროფკავშირები უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით, წერილობითი განცხადება გუშინ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ცენტრის პერსონალი ვალდებულია, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა, რომლის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. ბარიერის ვერცერთხელ გადალახვის შემდგომ კი მათთან წყდება შრომითი ხელშეკრულება.