საქართველოში გრიპის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში გრიპის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა. უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ “ეიჩ ერთი ენ ერთი ვირუსი” ქვეყანაში რვა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ექიმების ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ და გრიპმა, დაგვიანებულ მიმართვიანობასთან ერთად, მათი გართულება გამოიწვია.

ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, კლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს. მაღალია მიმართვიანობა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში 30-მდე პაციენტს იღებს. ასევე, კარანტინია გამოცხადებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. მიუხედავად ამ ვითარებისა, ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის საფრთხეს ისევ ვერ ხედავს. სოციალურად დაუცველი და ორსული მოქალაქეებისთვის ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ რიგდება.