საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

 ზომიერი ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება: საქართველოში დღესაც კორონავირუსით ინფიცირების ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ ერთ დღეში რვა ადამიანს დაუდასტურდა. ეს მონაცემები კი, ისევე როგორც ბოლო დღეების ციფრები, მკვეთრად განსხვავდება წინა კვირისგან, როდესაც ნახტომისებური მატება დაფიქსირდა და დღიურმა მაჩვენებლებმა მკვეთრად მოიმატა. დღევანდელ შემთხვევებს შორის არიან ბოლნისის სასწრაფო დახმარების, თერჯოლისა და ლენტეხის კლასტერთან დაკავშირებული პირები.

სამწუხაროდ, გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი – 62 წლის მამაკაცი ბოლნისიდან, თანმხლები მძიმე დაავადებებით. რადგან პიკის პერიოდი ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი, ფართოვდება ტესტირების მიზნობრივი კატეგორიები. მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ „პისიარ მეთოდით“ დაიტესტება.

როგორც ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტეს, ბოლო დღეების შემთხვევები, ძირითადად, კორონავირუსის შიდა ოჯახურ გავრცელებას უკავშირდება.