საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

 პირველი შემთხვევა „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ, როცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა აჭარბებს. ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია დღესაც შენარჩუნდა – 11 მაისს მხოლოდ სამი ახალი ფაქტია გამოვლენილი, სამივე თეთრიწყაროს უკვე ცნობილი კლასტერიდანაა და დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ.

სამწუხაროდ, 11-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა – „კოვიდ-19“-მა 81 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, რომელიც თანმხლები ქრონიკული დაავადებებით ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ქობულეთის კლასტერიდანაა. გაზრდილია ყოველდღიური ტესტირების მასშტაბიც – ინფიცირებულთა კონტაქტების, საეჭვო შემთხვევების, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის გარდა, ამოწმებენ მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირთა პანსიონატებსაც, სადაც ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სურათის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, სოციალური დისტანცირება და პირადი დაცვის საშუალებები ძალაში რჩება.