საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, BB დონეზე დატოვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ძლიერ შიდა მოთხოვნას. S&P მოელის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზომიერ დონეზე შენარჩუნება.
გავლენიანი სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე და ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის ეფექტიან მონეტარულ და საზედამხედველო პოლიტიკის მნიშვნელოვან როლს ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში.