საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი
საქართველომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. მონაცემი სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა გამოაქვეყნა. რეიტინგი კვლავ BA2 დონეზეა დატოვებული. აღნიშნულია, რომ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. ამასთან, დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობასა და ეკონომიკას მეტად მდგრადს ხდის შოკების მიმართ.
სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე. მთავრობის ვალი კი, მოსალოდნელია, კვლავ შემცირდეს და მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-მდე ნიშნულს დაუახლოვდეს. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ფისკალური და მონეტარული კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს.