ვიზიტორების რეკორდული ​მაჩვენებელი საქართველოს ეროვნულ პარკებში

პირველად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 18 პროცენტით არის გაზრდილი. ვიზიტორებს შორის 53% ქართველია, ხოლო 47 პროცენტი უცხოელი. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, თბილისის ეროვნულ პარკს და ოკაცეს კანიონს. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან სტუმრობს.

გასული წლის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა რეკორდული თანხა – 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ პარკებში ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება – ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და  ინფრასტრუქტურა მოეწყო.