საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადება

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. გაერთიანების ინფორმაციით, მათთვის ბანკისა და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ ცნობილი იანვრის დასაწყისში გახდა. ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრები მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, „თიბისი ბანკის“ ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ბიზნესასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა „თიბისი ბანკსა“ და  ეროვნულ ბანკს შორის.“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასოციაციის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, საჯარო სივრცეში ორი განცხადება გააკეთეს, სადაც მკაფიოდ იყო დაცული ბანკის ინტერესები. გონივრული და სწორი იყო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში , – აღნიშნავენ ბიზნესგაერთიანებაში.

მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუქარის წერილი ასოციაციის წევრებს გააცნო და მათი შემდგომი განცხადების გამო გააკრიტიკა.

დატოვე კომენტარი