საქართველო ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, პიარისა და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან. შეხვედრებზე იაპონიიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივებს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მიმართულების პოზიციონირებას. პარალელურად, საქართველოს სტენდზე მოეწყო პრეზენტაციები, სადაც იაპონური მედიისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ღირსშესანიშნაობებს.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის ათამდე კომპანია მონაწილეობდა.