საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო, სადაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ. უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა „მშვიდობა და ტურიზმი“ იქნება.