ერთი თვეა ჭიათურაში პროტესტია – „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები კომპანიას კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ. აქციების ორგანიზატორების განცხადებით, დამსაქმებელთა მიზანი ღია კარიერული წესით მეტი ნედლეულის მოიპოვება და ამის ხარჯზე თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლებაა.
მოთხოვნებს შორის არის სამი თვის სახელფასო დავალიანების გაცემა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი კომპანიით ჩანაცვლება. მაღაროელების განცხადებით, მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა, რის გამოც უახლოეს დღეებში პროტესტის ახალ ფორმას მიმართავენ. გეგმა ასეთია – მოახდინონ ქალაქის პარალიზება და კომპანიის წარმომადგენლებს ჭიათურიდან მადნეულის გატანის საშუალება არ მისცენ.