საპატიო კონსულების კონფერენცია

ბათუმში საპატიო კონსულების კონფერენცია იმართება. მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური პანელები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს დაეთმობა.

საპატიო კონსულები გაეცნობიან აჭარის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს. კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას აჭარის, როგორც ოთხსეზონიანი კურორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. ყურადღება გამახვილდება საქართველოს როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, სანაოსნო შესაძლებლობებსა და ბათუმის საზღვაო პორტის განვითარების პერსპექტივებზე.