საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან

ინტენსიური დაბომბვები, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, ყოველდღიურ რეალობად ქცეული განგაშის სიგნალი და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რამდენიმე ქალაქში – ომის 28-ე დღეს უკრაინაზე საავიაციო და საარტილერიო თავდასხმები გრძელდება.

დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქში რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს. მათ შორის ირპენზე, რომელიც საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. უმძიმესი სურათია რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მარიუპოლში, მასთან ერთად მტერი ქალაქ ჩერნიგოვსაც უტევს და ქალაქის აღებას ცდილობს. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მოწინააღმდეგის სერიოზულ დანაკარგებზე და მარაგების ამოწურვაზე მიუთითებს. ბოლო მონაცემებით, თითქმის ყველა მიმართულებით რუსეთის ძალების წინსვლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი განაგრძობს ლვოვში მუშაობას. ქალაქში დღეს შედარებით სიმშვიდეა, დილიდან ავიაიერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი აღარ ჩართულა.