საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-დღე

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსებმა მიკოლაევის რაიონი კასეტური ბომბებით კიდევ ერთხელ დაბომბეს. შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ლუგანსკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას, სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები სლავიანსკზე და სევეროდონეცკზე შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არმიის გენშტაბში გამოავლინეს რუსეთის აგენტი, რომელიც დაკავებულია. უკრაინული მედია წერს, რომ საბრძოლო მოქმედებები იზიუმშიც მიმდინარეობს. ამასთან, ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქების და დასახლებული პუნქტების მარიონეტ ხელმძღვანელებს ნიშნავენ და საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენენ, რომ საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია აღიარონ.

დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა ხერსონის რეგიონში მდებარე ჩერნობაევკას დასახლებაშიც. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. ასევე, უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, კუნძულ ზმეინისთან უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსების ორი კატარღა გაანადგურეს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ოკუპანტების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.