საომარი მოქმედებები უკრაინაში - 54-ე დღე

უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. შესაძლოა, ეს იყოს ბოლო შანსი, როცა თქვენი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია“,- ასე მიმართეს ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „მომდევნო კვირა იქნება მძიმე“, – აღნიშნა ოლქის ადმინისტრაციის მეთაურმა.

რაც შეეხება ქვეყნის სხვა რეგიონებსა და ქალაქებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და წარმატებას აღწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ორი სოფელი და კიდევ ერთი დასახლების ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ტელეგრამზე“ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი წერს. მისივე ინფორმაციით, ხარკოვთან ახლოს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რეაქტიული ცეცხლით გაანადგურეს ხუთი რუსული ტანკი და ათი ჯავშანმანქანა. პარალელურად, რუსული ძალები ხერსონის ოლქში ალექსანდროვკაზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.