სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, – ამ განცხადებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია, დეტალურად იქნება შესწავლილი. ამასთან, უწყებას აქვს იმ სახელმწიფოებთან კონსულტაცია და სწავლობს მათ მაგალითებს, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მიმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიებისა თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში. ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს აეროპორტების გაერთიანებაც, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში.