საკრედიტო სააგენტო S&P-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა, BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. მოსალოდნელზე მაღალი არსებული ეკონომიკური ზრდის გამო S&P-მ საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1 პროცენტამდე გაზარდა, რაც წლის დასაწყისში 5.7 პროცენტს შეადგენდა. ასევე, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც.
სარეიტინგო კომპანია საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს რეგიონულ კონტექსტში საკმაოდ გონივრულად და წინდახედულად აფასებს. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ანგარიშში აღნიშნულია ბოლო პერიოდში უცხოური რეზერვების ზრდა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით მოხდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.