საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

პრემიერის ვიზიტამდე აზერბაიჯანში კოლეგასთან შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილმა. მხარეებმა იმსჯელეს როგორც სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობაზე, სადაც აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

მხარეებისგან აღინიშნა, რომ ამას არამარტო ორი ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების, არამედ მთელი ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილში დიდი წვლილი აქვს. შუა დერეფანი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, ეკონომიკური საკითხების პარალელურად, განიხილებოდა პოლიტიკური პროცესებიც. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას. მაკა ბოჭორიშვილმა გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი „შეჰიდების ხეივანში“.