საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა 

 პარლამენტმა, 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში მწვავე პოლიტიკური განცხადებები ისმოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ განხილვის ფორმატი გააკრიტიკეს და დაინტერესდნენ, რატომ არ მივიდა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერი და რატომ არ მიეცათ დეპუტატებს სხდომაზე კითხვების დასმის საშუალება.

იმ არგუმენტით, რომ მთავრობას მომდევნო ერთი თვის ანტიკრიზისული გეგმა ჯერ არ წარუდგენია, საპარლამენტო ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმაც.

ოპონენტთა კრიტიკაში პოპულიზმი ამოიკითხა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზეზი განუმარტა და პარასკევს სოციალური და ბიზნესის დახმარების გეგმების წარდგენაც დააანონსა. ნათია მეზვრიშვილმა ოპონენტებს პირდაპირ უთხრა, რომ მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე, საკუთარი განცხადებებით ისინი მოქალაქეებს შეზღუდვების არდამორჩილებისკენ მოუწოდებენ.