საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
შვიდ და რვა სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ფორუმი აერთიანებს: რეგიონის ქვეყნების მთავრობებს, საზღვაო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. წელს ბათუმში ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასზე მეტ დელეგატს შეეძლება. ბათუმს ეწვევა და გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
ფორუმზე განხილვის მთავარი თემები – შუა დერეფნის შესაძლებლობები, გლობალური სავაჭრო მარშრუტები, პორტების განვითარება და რეგიონული ინტეგრაცია იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას, ელექტრონულ სანავიგაციო სისტემებსა და საზღვაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. დისკუსიები შეეხება იმასაც, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიური განვითარება პორტების, საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სექტორის მუშაობის პროცესს.