„სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა

საგამოძიებო სამსახური ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. 2022 წლის განვლილ პერიოდში, თბილისის, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოვლინდა, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი – წარსულში ნასამართლევია იგივე დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.