რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში
რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში

რუსულ სამხედრო ბაზებს  საქართველოს  ტერიტორია ეუთო-ს 1999 წლის სტამბულის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეტაპობრივად უნდა დაეტოვებინათ. გაყვანის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და ვაზიანის სამხედრო საჰაერო ბაზა ქართულ მხარეს 2001 წელს გადმოეცა.  ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები რომ არა 2008 წლის აგვისტოს ომი და რამდენად რეალური იყო ოკუპირებული ტერიტორიებზე „სამშვიდობო კონტინგენტის“ მონიტორინგი,  თუმცა ფაქტია, რომ ამ ომის შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები არამცთუ დაიცალა, არამედ უფრო ძლიერი გახდა.

სამხედრო ბაზების არსებობა და მათი განლაგება სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის საკმაოდ გრძელვადიანი და ლოგიკურად გათვლილი გეგმის ნაწილია.  ცალკე მდგომი სამხედრო ბაზა, როგორც ასეთი,  საფრთხეს არ წარმოადგენს. ნებისმიერ სამხედრო ნაწილისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი მომარაგება და უზრუნველყოფაა. თავის მხრივ, სამხედრო ბაზებისთვის ადგილმდებარეობის შერჩევა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს. პირველ რიგში ეს სწორედ ის გზები და საშუალებებია, რითაც ამ ნაწილის შევსება იქნება შესაძლებელი როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიანობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ, აუცილებელი შევსების გარეშე,  იქ განლაგებულ სამხედრო მოსამსახურეთა ეფექტური ქმედუნარიანობა აუცილებლად მოკლევადიანი იქნება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის წინაშე აქტუალურად დადგა მის სამხედრო ბაზებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნების პრობლემა, იმდენად რამდენადაც ამ  ბაზების ნაწილი რუსეთს საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა. სამხედრო ძალების გაყვანა მისთვის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ჭრილშიც სტრატეგიული პოზიციების დათმობას ნიშნავდა. თუმცა ცივი ომის დასრულების შემდეგ ოფიციალურ მოსკოვს საკმარისი რესურსი გრძელვადიანი ინტერესების დასაცავად არ გააჩნდა და პრობლემის გადაჭრას ძველი პრინციპით – „დაყავი და იბატონე“ შეეცადა. სამხრეთ კავკასიაში ამ ტაქტიკამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის სასურველი შედეგიც დადგა: მან გაამყარა ის ფლანგი, რაც შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ანუ ყირიმის ანექსიისათვის, შესაბამისად მისი ფლოტის სრულად გასაშლელად და შავი ზღვის საზღვრის მონაკვეთის დასაცავად აუცილებელი იყო.

თუკი უფრო დაწვრილებით განვიხილავთ რუსეთის ქმედებებს, უნდა გავაანალიზოთ მოტივები, რაც ამ მოქმედებებს უდევს საფუძვლად, კერძოდ კი ის ფაქტორები, რაც ოფიციალური მოსკოვისთვის საგარეო საფრთხეებად მოიაზრება. უპირველეს ყოვლისა, ეს ნატოს აღმოსავლეთ გაფართოება და დასავლეთ საზღვრებთან  უშუალო  მიახლოება გახდა. აქვე, მართალია არაოფიციალურად და არა მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩინეთიც შესაძლო საფრთხედ მიიჩნევა. გამოწვევებია შუა აზიიდანაც  და აქ პრობლემას ის უფრო ამძიმებს, რომ ასეთ ფონზე კავკასიაში დაწყებული აშლილობა რუსეთისთვის შესაძლოა დეზინტეგრაციის საფრთხედ იქცეს. კავკასიაზე კონტროლის მოპოვება რუსეთმა  კი მართალია, დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ მაინც შეძლო და აქ მოკავშირეებიც შეიძინა.

მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი – ამ კონფლიქტებში რუსეთი ოფიციალურად მხოლოდ მომრიგებლის სტატუსით ჩაერთო და სამშვიდობო ძალების საშუალებით საზღვრის ის მონაკვეთი მოხაზა, რაც  სამხრეთ კავკასიაში აუცილებელი პლაცდარმის მოსამზადებლად სჭირდებოდა. ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა საჭირო არ იყო, იმდენად, რამდენადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი ბაზები სწორედ იმ სტრატეგიული გათვლით იყო განლაგებული, რაც რუსეთის იმპერიული ამბიციებისთვის დღესაც საკმაოდ ბუნებრივია. თუმცა საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, პრობლემას ქმნის კომუნიკაცია, რაც ამ ბაზებს შორის აუცილებელია მათი რეალური დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთმა ყველა სტრატეგიული სიმაღლე უკვე დაიკავა. რელიეფიდან გამომდინარე, უწყვეტი მომარაგების შემთხვევაში ამ სიმაღლეების შენარჩუნება საკმაოდ ხანგრძლივი ვადითაა შესაძლებელი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში რუსეთს ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებული აქვს. ამ მონაკვეთზე მათი ამოცანა ამ ორს შორის კავშირის დამყარება უფროა, ვიდრე მათი უზრუნველყოფა. მომარაგების პრობლემა მას სომხეთის გიუმრის სამხედრო ბაზაზე უდგას, იმდენად რამდენადაც უშუალო საზღვარი რუსეთს სომხეთთან არ გააჩნია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კავშირის დასამყარებლად რუსეთს საკმაოდ რთული რელიეფის ათვისება მოუწევს, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმი- ონის მონაკვეთის რათა ცხინვალამდე კავშირი უზრუნველყოს, ცხინვალიდან გიუმრიმდე მას საქართველოს მონაკვეთზე პლაცდარმი უკვე მომზადებული აქვს. ყველაზე რთული მონაკვეთი გიუმრიდან აფხაზეთამდე შემაკავშირებელი ხაზის შეკვრა იქნება.  ასეთ შემთხვევაში, შეიკვრება ის სამკუთხედი, რომელიც ქართულ შეიარაღებულ ძალებს ფაქტიურად წაართმევს სამანევრო სივრცეს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაზე კონტროლსაც კრემლი ახორციელებს, თუ არ ჩავთვლით თურქეთს,  საქართველო ფაქტიურად მოწყვეტილი აღმოჩნდება იმ ევრო-ატლანტიკურ სივრცეს, რომლისკენაც ისწრაფვის.

მოვლენათა ასეთი განვითარების ფონზე ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მშენებლობამ, რომლის რუსეთის მონაკვეთი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ გზის სამხედრო დანიშნულებაზე მართალია არავინ საუბრობს, თუმცა  ამის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს პრემიერი პუტინი დაინტერესდა და ღიად დასვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეძლებდა ეს გზა სამხედრო კოლონების გატარებას.

“მთის იქით უკვე საქართველოა. ეკონომიკურად გზა რომ გავხსნათ ძალიან გვაწყობს. ერთ საათში იქ ხარ. იმედი მაქვს, რომ იქ ცვლილებები იქნება, საქართველოს მომავალს ოკეანის გაღმა ვერ ვხედავ, მათ ძმა სჭირდებათ” – ეს განცხადება რამზან კადიროვმა ჯერ კიდევ 2012 წელს გააკეთა. თავისთავად, გზების მშენებლობა თუ სხვა ტიპის კომუნიკაციების დამყარება, ისტორიულად, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური განვითარების საწინდარი იყო, თუმცა აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ სამხედრო თვალსაზრისით, იგივე კომუნიკაციები, ყოველთვის იყო და რჩება პრიორიტეტულ სამიზნედ.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.