რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 99-ე დღე

ომის 99-ე დღე – უკრაინაში რუსული ძალები სევეროდონეცკის თითქმის 80 პროცენტს აკონტროლებენ. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. დაპირისპირება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკრაინული მხარე სევეროდონეცკის მეზობლად მდებარე ლისიჩანსკის დასახლებას აკონტროლებს, რაც უკრაინელებს ერთგვარ უპირატესობას აძლევს, რადგან ეს ტერიტორია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს. რუსული ძალები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ ბელოგოროვკასა და რუბოვკაზე კონტროლის მოსაპოვებლად და წარმატების შემთხვევაში მათ საშუალება მიეცემათ დასავლეთიდან შეუტიონ ლისიჩანსკს. ასევე შეტაკებებია სევეროდონეცკიდან სამხრეთ და დასავლეთ მიმართულებებით. საოკუპაციო ძალებმა იერიში წამოიწყეს დოვგენსკისა და დიბროვნის მიმართულებითაც, თუმცა როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რუსებმა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. რაც შეეხება ბახმუტის მხარეს, გავრცელებული ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ, შტურმით აიღონ დასახლებული პუნქტი კამიშევახი, თუმცა, ჯერჯერობით მათი მცდელობა წარუმატებელია. ლვოვში კი სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. გავრცელებული ცნობით, ლვოვისკენ საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, პოლტავისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ვრცელდება ცნობები სუმში, მიკოლაევსა და ოდესაში აფეთქებების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების გამო, ქვეყანა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე მებრძოლს კარგავს, სხვადასხვა სახის დაზიანებას კი 500-მდე მებრძოლი იღებს. ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 600 მილიარდ დოლარს აღემატება.