რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ახლა ალყაშემორტყმული მარიუპოლია.

ბრძოლა მიმდინარეობს დაბომბილი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. ინტენსიური ავიაიერიშების შემდეგ რუსი სამხედროები ქარხანაში შეიჭრნენ. ეს იყო განადგურებულ ქალაქში ერთადერთი ყველაზე დაცული ადგილი, სადაც აზოვის მებრძოლების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებიან. მათი ნაწილი დაჭრილ მებრძოლებთან ერთად ამ დრომდე ქარხნის თავშესაფარში, ნანგრევების ქვეშ რჩება, რადგან გაერო-ს და „წითელი ჯვრის“ ჩართულობით შეთანხმებული ევაკუაციის პროცესი შეფერხდა და ასეულობით ადამიანმა, მათ შორის მცირეწლოვნებმაც, გასვლა ვერ მოახერხეს. კომუნიკაციის არარსებობის გამო ვერ ხერხდება იმის გარკვევა, თუ რამდენად უსაფრთხოდ არიან ახლა თავშესაფარში მყოფი მოქალაქეები. რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების და სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების შემდეგ მოსკოვი მუქარის ტონს ამკაცრებს და განადგურებით ემუქრება ყველა იმ ტრანსპორტს, რომლითაც უკრაინაში ნატოს შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის გადატანა მოხდება. დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დასამყარებლად დონბასზე შეტევა ძლიერდება.