რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში 

დღეს დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ვითარება უცვლელია, რუსული ძალები ისევ განაგრძობენ იერიშებს. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით რუსული ძალების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათგან 11 –„შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ათი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მაგრამ ერთმა მოახერხა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანება. მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი არ არის. გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 75-ჯერ გახსნეს.

მტრის მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევაა. ამისათვის ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე. ასევე, უწყების ინფორმაციით, რუსეთი ბახმუტზე შტურმს განაგრძობს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ექვსი დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი მტრის პერსონალისა და ტექნიკის თავმოყრის ორ ტერიტორიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების პოზიციაზე მიიტანეს იერიში.