რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსული საოკუპაციო ძალები ისევ ბომბავენ უკრაინულ დასახლებებს. ხარკოვის მერის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთ-ერთი რაიონი სამჯერ დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. „კამიკაძე“ დრონებით თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება კრივოი-როგიდან, სადაც სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათ არაერთი ირანული დრონი გაანადგურეს. უკრაინის ვიცე პრემიერის განცხადებით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან 22 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან აღნიშნულ დასახლებებში ფაქტობრივად განადგურებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.