რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის მასშტაბით, განგაშის სიგნალი დილიდან ისმოდა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 20-მდე ავიადარტყმა განახორციელეს უკრაინულ ქალაქებზე. დაიბომბა კიევის ოლქი, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაიბომბა ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკრაინულმა ძალებმა ღამის განმავლობაში, ნიკოლაევსა და ვინიცაში 19 ერთეული ირანული დრონი, და ერთი „იქს-59“ ტიპის რაკეტა გაანადგურეს. ცნობილი ხდება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინას, „მარს-2“ კატეგორიის ზალპური ცეცხლის კიდევ 5 ერთეული სისტემა და 14 ჰაუბიცა გადასცა. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კრემლი უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, ზომებს იღებს, რომ მოსახლეობის კრიტიკა და ყურადღება ხელისუფლებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს.