რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის მასშტაბით, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშესაფრებში გადაინაცვლონ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ 30-მდე დასახლებაზე მიიტანა იერიში. დნეტროპეტროვკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში 40-მდე ჭურვი ჩამოაგდეს, სადაც 47 წლის მამაკაცი დაშავდა და 30-მდე საცხოვრებელი კორპუსი და სახლი დაზიანდა. ელექტროენერგიის გარეშე 1500-მდე ოჯახი დარჩა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპით და რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს, ამის გამო შემცირებულია შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების რუსული მარაგები. მათივე ცნობით, მხოლოდ 10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, რომელიც ვლადიმირ პუტინის განმარტებით, პასუხი იყო ქერჩის ხიდის აფეთქებაზე. მათი დიდი ნაწილი თავდაცვითმა სისტემებმა ჩამოაგდო, თუმცა ათობით ჭურვი კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს დაეცა და მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა, დაზიანდა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.