რუსეთის არმიის ახალი ტაქტიკური სქემები - სიმაღლე 754,5
რუსეთის არმიის ახალი ტაქტიკური სქემები - სიმაღლე 754,5

როგორც ცნობილია, ბოლო რამოდენიმე წელია, სირია იარაღის საბრძოლო ტესტირების უდიდეს პოლიგონად იქცა. ამ მხრივ, ყველა დაპირისპირებული მხარე ერთნაირად აქტიურია და გასაკვირი არცაა, რომ ცდას არც რუსეთი აკლებს. რუსეთისათვის ერთ-ერთი მოტივაცია საკუთარი იარაღისთვის ახლო აღმოსავლეთის იარაღის ბაზარზე დამკვიდრებაა და ამაზე არავინ დაობს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოტივი, რომელიც ასევე საყურადღებოა, ვინაიდან საქმე ახალი იარაღის საბრძოლო გამოყენების ეფექტური ფორმების მოძებნა-დადგენას ემსახურება. დიდი ხანია ცნობილია, რომ პრინციპულად გაუმჯობესებული  ან პრინციპულად ახალი იარაღი ცვლის ბრძოლის მიმდინარეობის დინამიკას  და შესაბამისად, ბრძოლის წარმოების ტაქტიკაში ახალ მიდგომებს და თავად ბრძოლის ახალ ხედვას მოითხოვს.ახალ შეიარაღებასთან ერთად, ზოგადად, ახალი ტაქტიკაც იცდება და ძალიან მალე ის შესაძლოა გაბატონებულ ტაქტიკურ ნახაზად იქცეს და ველზე მოქმედების ახალი დოქტრინის საფუძველი გახდეს.  რამდენიმე წლის წინ, სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტაკება იყო ლატაკიის პროვინციაში, რუსეთის სამხედროების მონაწილეობით, სირიის სამთავრობო ძალების მიერ სტრატეგიული სიმაღლის 754,5  სირიატელის კოშკურის დაკავება. თუმცა,  ამა თუ იმ სოფლის, დასახლებული პუნქტის, ქალაქისა თუ სიმაღლის დაკავება-გაწმენდის შესახებ მშრალ ინფორმაციასთან ერთად,  საინტერესოა ვიცოდეთ, კონკრეტულად როგორ მოხდა ეს, რა ძალები იყო ჩართული, რა შეიარაღება და როგორ იქნა გამოყენებული, რა დანაკარგები განიცადეს დაპირისპირებულმა მხარეებმა და ა.შ.

„არგო“

ლატაკია, სიმაღლე 754,5 –  მასზე სირიატელის კოშკურა და ამბოხებულთა ძლიერი დაჯგუფებაა განლაგებული. სიმაღლის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორცა ჩანს, აღნიშნული კოშკურა განაპირობებს.  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ შეტევაში პირველად იქნა გამოყენებული საბრძოლო რობოტები, რომელსაც დისტანციურად რუსი მედესანტეები მართავდნენ. ეს იყო, ასე ვთქვათ, შეტევის პირველი ხაზი. შეტევაში მონაწილეობდა ექვსი რობოტიზირებული კომპლექსი „პლატფორმა-მ” და ოთხი კომპლექსი „არგო“. მათ საარტილერიო  მხარდაჭერას უზრუნველყოფდა სირიაში გადასროლილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „აკაცია“. ჰაერიდან ბრძოლას აკონტროლებდნენ უპილოტო საფრენი საშუალებები, საიდანაც სურათი გადაიცემოდა როგორც საველე მართვის ცენტრში, ასევე მოსკოვში, გენერალური შტაბში, ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრში მართვის ავტომატიზირებული სისტემის ანდრომედა-დ-ს საშუალებით. საბრძოლო რობოტები უშუალოდ ბრძოლაში  ოპერატორებს მოსკოვიდან მიყავდათ.

„აკაცია“

რაც შეეხება თავად ბრძოლის მიმდინარეობას: საბრძოლო რობოტები 100-120 მეტრზე მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგეს და თავის თავზე აიღეს მისი ცეცხლი. გამჟღავნებული საცეცხლე წერტილები კი „აკაციის“ ცეცხლით განადგურდა. რობოტებიდან 150-200 მეტრში მოძრაობდა სირიის არმიის ქვეითი დანაყოფი, რომელიც სიმაღლეს წმენდდა. როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, საბრძოლო მოქმედების დაწყებიდან 20 წუთში ამბოხებულები გაიქცნენ და დატოვეს 70 დაღუპული. სირიის არმიის ქვეითებიდან მხოლოდ ოთხი ადამიანი დაიჭრა.

რატომ უნდა გამახვილდეს ყურადღება  სირია-რუსეთის გაერთიანებული ძალების წარმატებული ოპერაციის მაგალითზე? პასუხი მარტივია: 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხე არ გამქრალა, ამიტომ ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, თუ რა მიმართულებით ვითარდება მათი ტაქტიკური აზროვნება, რა სქემებს ცდიან და, სავარაუდოდ, რა დოქტრინით მოხდება მათი დღევანდელი საველე წესდებების ჩანაცვლება. რუსეთის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა გერასიმოვმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ბრძოლის სრულ რობოტიზაციას, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს. ასეა თუ ისე, აღნიშნული მეტად საყურადღებო გარემოებაა და ახალი თავსატეხი ჩვენი დამგეგმარებლებისათვის.

„პატფორმა-მ“

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.