რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება. გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევის ოფისში, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საკუთარი მოთხოვნების ჩამონათვალი გადაუგზავნა. მისივე თქმით, რუსეთის პრეტენზიების განხილვა გაერო-ს წარმომადგენლებთან კვირას არის დაგეგმილი. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი არ ხდება, მაშინ უკაცრავად, მაგრამ მოგვიწევს ყველაფრის გადახედვა,“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მისივე თქმით, რუსეთი შეთანხმების გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის მისი პირობები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მხარეებზე.

საპასუხოდ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია გრძელდება, ისევე როგორც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან იმისთვის, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებები მოიხსნას.