შესაძლებელია თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – კითხვა კვლავ აქტუალურია განსაკუთრებით ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ. „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში მარკო რუბიომ განაცხადა, – ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო, ან არც უცდია. ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პარასკევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, რუბიომ უპასუხა, რომ არ უსაუბრია. მისივე თქმით, ახლა პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა. დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.