რთველი რაჭაში
რაჭაში წელს ყურძნის 3 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე უკვე გადამუშავებულია 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. პროცესის მხარდასაჭერად მოქმედებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა: კომპანიები, რომლებიც ინარჩუნებენ მინიმალურ 8-ლარიან ფასს, სახელმწიფოსგან 1 კილოგრამ ყურძენზე 4 ლარის ოდენობის სუბსიდიას იღებენ. პარალელურად, ღვინო „ხვანჭკარას“ და „რაჭას“ ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყურძნის მიღების პროცესში, ჯიშობრივი სიზუსტის მკაცრი კონტროლი ხორციელდება.